Wednesday, December 28, 2011

მოქმედებს თუ არა Wi-Fi სპერმის ხარისხზე?

მართალია, ეს სტატია მამაკაცებისათვის არის განკუთვნილი, მაგრამ, ჩვენ ვთვლით, რომ ქალებსაც არანაკლებ დააინტერესებთ...

როგორც იცით, ლეპ-ტოპები, სმარტფონები და სხვა ტიპის ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობები სულ უფრო და უფრო პოპულარული და გავრცელებული ხდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სახლებშიც არაერთი ასეთი ნივთი მოიპოვება...

ამერიკაში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების მიხედვით (რომელიც მასშტაბური არ ყოფილა, მაგრამ მაინც საგულისხმოდ შეიძლება ჩაითვალოს) ვარაუდობენ, რომ Wi-Fi შეიძლება სპერმატოზოიდების დაზიანებისა და მამაკაცების ნაყოფიერების დაქვეითების მიზეზი გახდეს. Reuters Health თვლის, რომ ამის მიზეზი ელექტრომაგნიტური გამოსხივებაა, რომელიც წარმოქმნის კიდეც უკაბელო კავშირს.

კვლევაში, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში Fertility and Sterility, მეცნიერებმა აიღეს 29  ჯანმრთელი მოხალისის სპერმის ნიმუში და მოათავსეს ისინი ლეპტოპებთან, რომლებიც ჩართული იყო ან არ იყო Wi-Fi ინტერნეტში. 4 საათის შემდეგ აქტიურ Wi-Fi  კომპიუტერთან მოთავსებულ სპერმის ნიმუშებში სპერმატოზოიდების 25% დაიღუპა და მათი 9 %-ის დნმ დაზიანდა. იმ სპერმის სინჯებს, რომლებიც მოათავსეს ჩართულ, მაგრამ უინტერნეტო კომპიუტერებთან მხოლოდ მცირედი დაზიანება აღმოაჩნდათ, ზუსტად ისეთივე, როგორიც ცალკე მოთავსებულ სპერმის სინჯებს.

„ჩვენი კვლვევიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უკაბელო ინტერნეტში ჩართული ტექნიკის მამაკაცის სასქესო ორგანოებთან სიახლოვე აქვეითებს სპერმის ხარისხსა და პროდუქტიულობას“ - აცხადებენ კვლევის ავტორები, თუმცა დაბეჯითებით იმის მტკიცება, რომ ეს შეეხება ყველა ტიპის უკაბელო ინტერნეტით აღჭურვილ მოწყობილებას  - მათ ჯერ-ჯერობით არ შეუძლიათ.

ჯანმრთელი მამაკაცის მილილიტრ სპერმაში დაახლოებით 70 მილიონი სპერმატოზოიდია. ამერიკელ უროლოგთა ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ყოველ მეექვსე ამერიკელ მამაკაცს უნაყოფობის პრობლემა აქვს.  მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა მოწყობილობები, რომლებსაც, როგორც წესი, მამაკაცები მუხლებზე ითავსებენ ან ჯიბით ატარებენ აქვეითებს მათი სპერმის ხარისხსა და სიცოცხლისუნარიანობას.

ნოემბერში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლეპ-ტოპების მუხლებზე თუნდაც 10-15 წუთით მოთავსების შედეგად, სათესლე პარკებში ტემპერატურა სპერმატოზოიდების სიცოხცლისუნარიანობისათვის საშიშ დონეს აღწევს.

მართალია, ბევრ მეცნიერს საერთოდ არ სჯერა ზემოთხსენებული კვლევების შედეგების და აცხადებენ, რომ ლეპ-ტოპის გამოყენება ვერ იქნება მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მუხლების მაგივრად, სთხოვეთ თქვენს მეგობრებს, მეუღლეებს თუ უბრალოდ ნაცნობებს -  თავიანთი ლეპ-ტოპები მაგიდაზე მოათავსონ.

წყარო: gma.yahoo.com/

No comments:

Post a Comment