Monday, December 26, 2011

ეძებთ საჩუქარს საყვარელი ადამიანისათვის?

რახან ახალი წელი კარს მოგვდგომია, ჩვენს მორიგ პოსტს საახალწლო საჩუქრებს და მათ შერჩევას მივუძღვნით.
წესით, იქ, სადაც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, საჩუქრების მიღებაც და გადაცემაც, სწორედ 25 დეკემბერის ღამით ხდება. ჩვენთან, კი საჩუქრის გადაცემის ტრადიცია, რატომღაც ახალ წელს უკავშირდება.. თუმცა, თქვენც იცით, რომ შესაკრებთა შგადაადგილებით, ჯამი არ იცვლება..

არიან ადამიანები, რომლებსაც დაბადებიდან აქვთ დაყოლილი საჩუქრების სწორად შერჩევის უნარი, არამარტო მათთვის ახლობელი და კარგად ნაცნობი ადამიანებისათვის, არამედ არც თუ ისე კარგად ნაცნობი და ზოგჯერ სრულიად უცნობებისთვისაც კი.. მათგან განხვავებით, ბევრს ძალიან უჭირს საჩუქრის შერჩევა, ამიტომ ხშირად რჩევა-დარიგებებს ითხოვს..
თქვენ გესიამოვნებათ, რომ გაიგოთ, რომ საჩუქარი, რომელიც ცოტა ხნის წინ საყვარელმა ადამიანმა გაგიკეთათ, მისი შერჩეული კი არა, ვიღაცის (ვინც, შეიძლება არც კი გიცნობთ) შაბლონური აზროვნების ნაყოფია?

მოკლედ, ვისაც საჩუქრების შერჩევა არ ეხერხება - სწორედ მათთვის არის განკუთვნილი ჩვენი დღევანდელი პოსტი:

საჩუქრის შერჩევისას, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი მისი ღირებულებაა. თუ თქვენ ფინანსებში შეზღუდული არ ხართ, მაშინ ძალიან გაგიმართლათ (ამ და ბევრი სხვა კუთხითაც!!!) - საუკეთესო საჩუქრების დიდი არჩევანის წინაშე დგახართ და სავარაუდოდ, რაც არ უნდა შეარჩიოთ, ბოლო მარკის მანქანა, ორკაციანი საგზური ტიბეტში, პენთჰაუზის გასაღები თუ რამოდენიმე კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი - სულ ერთია, მისი ადრესატი ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილი და აღფრთოვანებული დარჩება!

სხვებისთვის კი ერთ პატარა ჭეშმარიტებას გავიმეორებ - საჩუქრის ღირებულება სულაც არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია თქვენ ამ საჩუქრით ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭება გსურდეთ!


არასდროს აჩუქოთ ადამიანს ისეთი რამ, რისი მიღებაც თქვენ არ გესიამოვნებოდათ!
გარდა ამისა, ეცადეთ ქალისა თუ მამაკაცისათვის - ისეთი რამ შეარჩიოთ, რაც სასარგებლო და საჭირო იქნება მათთვის - სულ ერთია ამ საჩუქარს შეჭამენ, შესვამენ, ჩაიცვამენ თუ დაიხურავენ.. მთავარია ის მოიხმარონ და განუსაზღვრელი ვადით არ ჩადონ უსარგებლო ნივთების ყუთში. შეიძლება საჩუქარი კინოს ორი ბილეთი იყოს, რომელსაც ორსაათიანი სეანსის მერე დაკუჭავთ და ურნაში გადაუძახებთ, სამაგიეროდ საღამოს მშვენივრად გაატარებთ - ან იგივე ფასად შეძენილი სახილე, რომელსაც, მართალია, მთელი ცხოვრება გამოიყენებთ, მაგრამ, ამით იოტისოდენა სიამოვნებასაც ვერ მიიღებთ..

თუ ქალი, რომლისთვისაც საჩუქარს არჩევთ თქვენი კარგი ნაცნობია და მასთან დროს ხშირად ატარებთ, გაიხსენეთ, რა არის მისი ჰობი, რას აკეთებს სიამოვნებით  - კითხულობს თუ არა წიგნებს (თუ კი, რა ტიპის ლიტერატურას ანიჭებს უპირატესობას, გაიხსენეთ, იქნებ საყვარელ ავტორზეც უსაუბრია ოდესმე თქვენთან), უყვარს თუ არა სამზარეულოში ტრიალი, უსმენს თუ არა მუსიკას და როგორს, დაკავებულია თუ არა სპორტით, გაიხსენეთ რა მოსწონს - ლითონი, რომლისგან დამზადებულ სამკაულსაც ატარებს, ან ატარებს თუ არა მათ საერთოდ, აქვს თუ არა საათი, ატარებს თუ არა ქუდებს, ისხამს თუ არა სუნამოს, როგორ ჩანთებს ატარებს, მოსწონს თუ არა აქსესუარები (სათვალე, თმის სარჭები და აშ), იკეთებს თუ არა მაკიაჟს და აშ..

მხოლოდ ძალიან ზედაპირული დაკვირვებითაც კი, უკვე შესაძლებელია სასურველი საჩუქრის შერჩევა, არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ნაჩუქარი ნივთი მისთვის მეორე იქნება თუ მეოცე, მთავარია ჩონჩხის გამოსახულებიანი საათი არ შეურჩიოთ კლასიკური სტილის ქალს, თვლებიანი კოლიე ჰიპსტერს, ან ბრიტნი სპირსის ბოლო ალბომი -  "30 seconds to mars"-ის ფანს...

იგივე შეეხებათ მამაკაცებს - საკმარისია კარგად შეათვალიეროთ, რომ მიხვდებით, აკეთებენ თუ არა აქცენტს ჩაცმულობაზე, არიან "პეწენიკები" თუ ტანზე ისხამენ ყველაფერს რაც გზად ხვდებათ, მთავარია გაათბოთ და სხეული დაუფაროთ... ატარებენ თუ არა აქსესუარებს, სამკაულს, ქუდებს.. თუ მათ უფრო კარგად იცნობთ, ადვილი გასარკვევია რა სტილის მუსიკას უსმენენ, როგორი სუნამოები მოსწონთ, რა არის მათი ჰობი, თევზაობა, ნადირობა, სპორტი, კითხვა, იხალისებენ თუ არა თავს ელექტრო სათამაშოებით.. ამ ტიპის ინფორმაციის მოგროვება საშუალებას მოგცემთ მათთვის სწორი საჩუქარი შეარჩიოთ.

ერთი რამ გახსოვდეთ - თუ "პრანჭია" ადამიანებთან გაქვთ საქმე, მათ სამოსი და აქსესუარები არასდროს სწყინდებათ! ნურასდროს იფიქრებთ - "მას იმდენი საათი/პერანგი/ბეჭედი/მაისური და აშ და აშ აქვს, კიდევ ერთი რაღად უნდა..." - არამედ, იფიქრეთ - " რახან უყვარს, ამიტომაც აქვს ამდენი და კიდევ ერთიც არ აწყენს".

დასასრულს, Molped გირჩევთ - არ დაელოდოთ ახალ წელსა და სხვა რომელიმე დღესასწაულს საყვარელი ადამიანის სურვილებისა და ოცნებების შესასწავლად, ეცადეთ თქვენი ურთიერთობის ყოველი დღე ერთმანეთის უკეთ გაცნობას მოანდომოთ. მერწმუნეთ, ეს მარტო საჩუქრის სწორად შერჩევაში როდი დაგეხმარებათ.. 

No comments:

Post a Comment