Wednesday, December 21, 2011

იცნობდეთ თქვენს თმას!

ადამიანების უმეტესობა თმას ძალიან ზედაპირულად აღიქვამს. მათთვის თმა შეიძლება იყოს სწორი ან ხვეული, სქელი ან თხელი.. არადა, თმაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ფაქტურა, სიმჭიდროვე, ელასტიურობა, პოროზიულობა და ტალღოვნების ხარისხი. ამ ელემენტების კომბინაციების მრავალფეროვნება გვაძლევს სწორედ  ათასობით სხვადასხვა ტიპისა და სტურქტურის თმას.

თუ ადამიანი ამ დარგის სპეციალისტი არ არის, თმებს შორის ზედაპირული განსხვავების შემჩნევა არ გაუჭირდება, ამისთვის საკმარისია შევადაროთ სხვადასხვა ტიპის თმები ერთმანეთს, კარგად დავაკვირდეთ, ხელით შევიგრძნოთ მათი სისქე, სიხშირე თუ სირბილე..

მოკლედ, აი, ის ხუთი კრიტერიუმი, რომლითაც ხდება თმის შეფასება:

ფაქტურა - თმის ღერის გარშემოწერილობა იგულისხმება. პროფესიონალები განასხვავებენ „უხეშ“, „თხელ“ და „ნორმალურ“ ფაქტურას. უხეშ თმებს ყველაზე დიდი გარშემოწერილობა აქვთ და შესაბამისად, თხელ თმებს ყველაზე პატარა. არც ის არის გასაკვირი, რომ უხეში თმები უფრო ძლიერი და გამძლეა - მათში გაცილებით მეტი ნივთიერებებია, ვიდრე სხვა ფაქტურის მქონე თმებში. ასეთი ტიპის თმების შეღებვა სირთულეს წარმოადგენს, მაშინ, როცა ნორმალური და თხელი თმები უფრო სწრაფად და ეფექტურად იღებება. თუმცა, ქიმიური საშუალებებისაგან, რათქმაუნდა ისინი უფრო ზიანდებიან. 

სიმჭიდროვე - თმის ღერების თავის კანზე განლაგების სიხშირე იგულისხმება. როგორც წესი, სიმჭიდროვე იზომება თითეულ კვადრატულ სანტიმეტრზე არსებული თმის ღერების დათვლით. თუ თქვენ „სქელი“ თმები გაქვთ, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ მათი განლაგების სიმჭიდროვე მაღალია, რადგან, ზოგადად სწორედ სამი ტიპის თმებს განასხვავებენ სპეციალისტები სიმჭიდროვის კუთხით - თხელი, სქელი და საშუალო და ეს პუნქტი, არანაირ კავშირში არ არის თმის ფაქტურასთან. ჩვეულებრივ, ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 2200 ღერი თმაა და მთლიანად თავზე დაახლოებით 100 000 ღერი.
 სქელი თმებისათვის გაცილებით ადვილია ვარცხნილობის შერჩევა, მაშინ, როცა თხელთმიანები ისეთ ვარცხნილობებს ანიჭებენ უპირატესობას, სადაც დამატებითი ხვეულებია, ან აფუებულია და მეტი მოცულობის ეფექტს ქმნის.

პოროზიულობა - იგულისხმება თმის უნარი ტენის შთანთქვისა, რაც განპირობებულია თმის ღერის შრეების განლაგებითა და მდგომარეობით და ფასდება, როგორც დაბალი, საშუალო და მაღალი.
ჯანსაღ თმებში შრეების განლაგება მჭდროა და პოროზიულობაც დაბალია -  ხელს უშლის მისი ტენით გაჟღენთვას, ასეთ დროს ტენი ვერ აღწევს ვერც ღერის სიღრმეში, თუმცა, თვითონ თმის ღერში არსებული ტენიც ვერ აღწევს გარეთ. ამ ტიპის თმები რთულად ემორჩილებიან სალონურ პროცედურებს, ძნელად იხვევიან და სწორდებიან, რთულად იღებებიან და აშ.. მათგან განსხვავებით, თმის ღერებზე, რომელსაც მომატებული აქვს პოროზიულობა შრეები არამჭიდრო განლაგებისაა, ადვილად იწოვს ტენს, ხოლო, ისეთი თმები, რომელიც შეიძლება ძალიან პოროზიულად ჩაითვალოს - გარდა იმისა, რომ ადვილად ტენიანდება, ასევე ადვილად შრება, ადვილად ზიანდება, წყდებ, ინასკვება და აშ.. ასეთ თმებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება, ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ ქიმიური საშუალებებიც - საღებავები, შამპუნები და აშ.

იმისათვის, რომ გაიგოთ, რამდენად პოროზიულია თქვენი თმა, უბრალოდ დააკვირდით მათ როდესაც ისველებთ, ან როდესაც იშრობთ. თუ თმა ჩალასავით გამომშრალი ხდება, როდესაც მას იშრობთ, ან რეზინოვანი ხდება დასველებისას, სავარაუდოდ აჯობებს თმის სპეციალისტს მიმართოთ და დროზე უშველოთ თმას.

თმის ელასტიურობა განისაზღვრება თმის უნარით მაქსიმალურად გაიწელოს და შემდეგ ისევ ძველ ფორმას დაუბრუნდეს. ჯანსაღი თმა, როდესაც სველია 50 %-ითაც კი გრძელდება და გაშრობის შემდეგ ჩვეულ სიგრძეს იბრუნებს, ისე, რომ არ ზიანდება, მაშინ, როცა დაზიანებული თმა მხოლოდ 20 % ახერხებს დაგრძელებას. პროფესიონალები განასხვავებენ მაღალი, საშუალო და დაბალი ელასტიურობის მქონდე თმებს. მაღალი ელასტიურობის მქონდე თმები ადვილად იხვევა და ადვილად ინარჩუნებს კულულებს დიდი ხნის მანძილზე, დაბალი ელასტიურობის მქონდე თმების კულულები კი მალევე იშლება.
იმის გასაგებად თუ რამდენად ელასტიურია თქვენი თმა, დასველეთ რამოენიმე ღერი და გაქაჩეთ. თუ თმა 50%-ით დაგრძელდება, ისე რომ არ გაწყდება და შემდეგ ძველ ზომას დაუბრუნდება, ე.ი. თქვენი თმა ელასტიურია, თუ ის ოდნავ დაგრძელდა ან ცდის პროცესში გაწყდა, ესე იგი, თქვენი თმის ელასტიურობის ხარისხი დაბალია.

რაც შეეხება თმის ღერის ფორმას, ამ კრიტერიუმს არაფერი აქვს საერთო თმის სიჯანსაღესთან, ეს გენეტიკური და ინდივიდუალური თავისებურებაა. აქედან გამომდინარე, ხვეული თუ სწორი თმა შეიძლება იყოს ჯანსაღიც და დაზიანებულიც. კლასიფიკაცია ამ კუთხით ასეთია: სწორი, ტალღოვანი, დახვეული და სპირალური. თმა, რომელიც არ აკეთებს პატარა ტალღასაც კი მთელ სიგრძეზე - სწორი თმაა. თმა, რომელიც თუნდაც ერთ ტალღას იკეთებს - ტალღოვანია - ასეთი თმა მოკლე ვარცხნილობაზე იღებს “C”-ს და გრძელი ვარცხნილობისას “S”-ის ფორმას. ხვეული თმა “S”-ის ფორმა იღებს, მაშინაც კი, როცა მოკლეა და რაც უფრო იზრდება, მით უფრო ბევრჯერ იმორებს “S”-ის მოხაზულობას. სპირალისებრი თმა ბუჩქს მოგვაგონებს, როცა ძალიან გრძელია, ასეთი თმა კანიდან წვერის ამოყოფისთანავე იწყებს დახვევას და ზოგჯერ ნეკა თითის ოდენა ან უფრო პატარა რგოლებს წარმოქმნის.

იმედი გვაქვს, ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიღების შემდეგ, თქვენ შეგეძლებათ უკეთ იმსჯელოთ თქვენი თმის ფაქტურასა და ხარისხზე. საკუთარი თმის ფაქტურის კარგად ცოდნა დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ მისი მოვლის საშუალებები და ვარცხნილობები.


No comments:

Post a Comment